ლისაბონი-ნარინჯისფერი ქალაქი ლურჯი ცისა და ოკეანის ფონზე!

 ლისაბონი, უკიდურეს ევროპაში, ჩრდილო ატლანტიკური ოკეანის ნაპირებზე გადაჭიმული მშვენებაა. ჩასვლისთანავე თვალში გეცემათ უჩვეულო არქიტექტურა, რომელიც დანარჩენი ევროპისაგან მკვეთრად განსხვავდება. ძველი არაბული გავლენა იგრძნობა ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში. ვიწრო ქუჩები, ნარინჯისფერი კრამიტის სახურავები და მოზაიკური წყობის კედლების ფონი წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს. თანამედროვე ხედებს ძველი, ისტორიული ხედები ცვლის და ქალაქის იერსახეც უფრო მრავალფეროვანი ხდება. სანახავი მართლაც ბევრია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნახვით ვერ ძღები და თუნდაც მთელი დღის შეუსვენებელი ხეტიალის შემდეგაც კი ვერ გრძნობ დაღლას.გირჩევთ ნახოთ შემდეგი ღირშესანიშნაობები.... 

 ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად უდავოდ ითვლება 3.2 კმ. სიგრძის 25 აპრილის ხიდი (Ponte 25 de Abril), რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლისაბონის კვარტალ ალკანტარასა და ქალაქ ალამადას. წითელი ფერისა და არქიტექტურის გამო, ერთი შეხედვით, ეს ხიდი ძალიან ჰგავს სან-ფრანცისკოს „გოლდენ გეიტის“ ხიდს. ეს მსგავსება არ გახლავთ შემთხვევითი – ორივე ხიდი სხვადასხვა დროს დააპროექტა სამშენებლო კომპანია „American Bridge Company“-იმ. 

 ქრისტეს ქანდაკება (Cristo Rei), საიდანაც საოცარი პანორამა იშლება, ქანდაკება 113 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს 25 აპრილის ხიდს, მთლიანად ლისაბონსა და მდინარე ტეხოს სანაპიროს. 👉წმინდა ხორხეს ციხე (Castelo de Sao Jorge), საიდანაც მთელი ლისაბონი ხელის გულზე იშლება. 

 ჯერონიმოს 17-ე საუკუნის მონასტერი (Mosterios dos Jeronimos), რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემვიდრეობის ძეგლთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

18-ე საუკუნის ბელემის კოშკი (Torre de Belem), რომელიც ლისაბონის სიმბოლოდ ითვლება. 

 სანტა ხუსტას ანტიკური ელევატორი (Elevador de Santa Justa), რომელიც შუა ლისაბონშია აღმართული და რომლიდანაც ლისაბონის ულამაზესი ხედები იშლება.

 აუგუსტუსის ტრიუმფალური თაღი (Arco da Rua Augusta), სადაც ყოველთვის ყველაზე მეტი ტურისტი იყრის თავს გაშლილი სივრცისა და ლამაზი ხედების გამო. 

ლისაბონის თანამედროვე აკვარიუმი( Oceanario de Lisboa), რომელიც ევროპაში ყველაზე ღრმა აკვარიუმად ითვლება. 

ზაფხულის ცხელ დღეებში ისეირნეთ ოკეანის სანაპიროზე, მოუსმინეთ ფადოს (პორტუგალიური ტრადიციული სიმღერა), იცეკვეთ ცხელ ქვიშაზე (საკმაოდ ბევრგან შეხვდებით ქუჩებსა და სანაპიროზე მოცეკვავე ხალხს, რომლებიც ცეკვის უფასო გაკვეთილებს ატარებენ) და მაქსიმალურად ეცადეთ დაისვენოთ სრულ ჰარმონიაში (სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია).